ჩვენ შესახებ

ქართული აკადემიის მიზანია, სკოლის მოსწავლეებს მისცეს საუკეთესო ხარისხის განათლება და საუნივერსიტეტო საგნების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების სიღრმისეული შესწავლით დაეხმაროს კარიერის დაგეგმვასა და მომავალი პროფესიის სწორ არჩევაში.

საუნივერსიტეტო ფაკულტეტის სწორი არჩევა ერთ-ერთ ურთულეს გადაწყვეტილებას წარმოადგენს. სკოლის მოსწავლეს არ აქვს სათანადოდ გააზრებული, თუ რისი შესწავლა სურს უნივერსიტეტში, რომელ სფეროში წარმოუდგენია ყოველდღიური პრაქტიკული საქმიანობა, რა მიმართულება მისცეს საკუთარ კარიერას და რა ზომებია მისაღები აღნიშნული მიზნის მისაღწევად. არასწორი არჩევანი და შემდგომი იმედგაცრუება ნეგატიურად აისახება ადამიანის სამომავლო პერსპექტივებზე. ბუნდოვნად წარმოდგენილი პროფესიული ცხოვრება კი ამცირებს მოსწავლის განსაზღვრულობის გრძნობასა და შინაგან მოტივაციას იყოს უფრო მიზანმიმართული და ორიენტირებული დასახული კონკრეტული მიზნის მიღწევაზე.

ქართული აკადემია, დაკომპლექტებული უმაღლესი დონის სპეციალისტებით, ხელს შეუწყობს თითოეულ მოსწავლეს მიიღოს ღირებული ცოდნა, გახდეს კრიტიკულად მოაზროვნე და საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად განვითარებითა და გამოვლენით დაეხმაროს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების რაციონალურად მიღებაში. ზოგიერთი საუნივერსიტეტო საგანი უამრავ სკოლაში საერთოდ არ ისწავლება (მაგალითად: ეკონომიკა, იურისპრუდენცია, ფილოსოფია და ა.შ.). სწორედ ამიტომ მოსწავლეებს ექმნებათ  ბუნდოვანი ან არასწორი წარმოდგენა მათთვის სასურველი პროფესიისა თუ სამუშაოს შესახებ. 

საუნივერსიტეტო კურსის გავლა დაეხმარება ახალგაზრდას გააკეთოს სწორი არჩევანი, პროფესიული თვითგამორკვევა კი საშუალებას აძლევს მომავალი პროფესიის არჩევისას გაითვალისწინოს საკუთარი უნარები და იმ სამუშაოს სპეციფიკა, რომელსაც აპირებს მომავალში მიუძღვნას თავი. ქართული აკადემია სკოლის მოსწავლეებს სთავაზობს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში შესასწავლი საგნების სასწავლო კურსებს. კურსების გავლის შედეგად, მოსწავლე გაანალიზებს საკუთარ შესაძლებლობებს, ინტერესებს და ზუსტად განსაზღვრავს ასარჩევ პროფესიას.

 

სწავლების მეთოდი

ქართული აკადემიის სასწავლო ბაზა აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით. პროგრამის ეფექტურად ათვისების მიზნით გამოყენებულია სწავლების თანამედროვე, ინოვაციური მეთოდები, მათ შორის გამოკითხვა, მსჯელობა, დისკუსია-დებატები, პრეზენტაციის წარდგენა, კვლევების ჩატარება და ა.შ.

კურსი ითვალისწინებს ლექცია-სემინარების/პრაქტიკული მეცადინეობების ჩატარებას. ლექცია-სემინარზე მოხდება ახალი, საჭირო ცოდნის გადაცემა სკოლის მოსწავლეებისთვის და ამ ცოდნის გამოყენების პრაქტიკული უნარის განვითარება. 

მასწავლებელი

კურსებზე დარეგისტრირებულ მოსწავლეებს მეცადინეობებს ჩაუტარებენ უმაღლესი კვალიფიკაციის ლექტორები, რომელთაც აქვთ სამეცნიერო ხარისხი, უნივერსიტეტში სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება და თავიანთი სპეციალობით დასაქმებულნი არიან წარმატებული ორგანიზაციების წამყვან პოზიციებზე.